პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

 

მუსიკალური რიტმის  მნიშვნელობა და მის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოებით

 

 

„რიტმი არის წესრიგი მოძრაობაში“

პლატონი

 

 

დალი დოლიძე

 

 

სარჩევი

შესავალი  ..................................................................................................................................   4

თავი I.  საკვლევი საკითხის მიმოხილვა.

1.1.  არსებული პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა ...............................................................  5

1.2.  პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები  ......................................................... 7

1.3.  პრობლემის აქტუალურობა   .......................................................................................... 7

1.4. კვლევის ჰიპოთეზა ............................................................................................................ 9                                                                                                                                                                                                                        

თავი  II.  კვლევის მიზნები და ამოცანები

2.1. კვლევის მიზანი................................................................................................................. 10

2.2. კვლევის ამოცანა ............................................................................................................... 10

2.3.  კვლევის კითხვები .......................................................................................................... 10

თავი  III.  ლიტერატურის მიმოხილვა  

3.1. რიტმი - სამყაროს საფუძველი ....................................................................................... 11

3.2. მუსიკალური რიტმი  ........................................................................................................ 12

3.3. მუსიკალური მეხსიერება ................................................................................................ 12

3.4. მუსიკალური აზროვნება ................................................................................................  13

3.5. მუსიკალური სმენა ..........................................................................................................  15

3.6. მუსიკალურ-რიტმული გრძნობის განვითარება ....................................................... 15

 

თავი IV.  მეთოდოლოგია 

4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი ..............................................................................................  17

4.2.  მონაცემების შეგროვების მეთოდები  ........................................................................  17

4.3.  მონაცემთა ანალიზი ....................................................................................................... 17

4.4.  მონაცემთა ანალიზის შედეგები   ..............................................................................   19 

თავი V.  ინტერვენციის დაგეგმვა  და განხორციელება ................................................   20

5.1.  I ინტერვენცია   რიტმულ - ინტონაციური სავარჯიშობი ....................................     20

რიტმულ - ინტონაციური სავარჯიშო 1............................................................................     20

რიტმულ - ინტონაციური სავარჯიშო 2..............................................................................   20

რიტმულ - ინტონაციური სავარჯიშო 3 .............................................................................  22

რიტმულ- ინტონაციური სავარჯიშო 4...............................................................................   22

რიტმულ- ინტონაციური სავარჯიშო 5....................................... ........................................  23

 რიტმულ- ინტონაციური სავარჯიშო 6..............................................................................   23

რიტმულ- ინტონაციური სავარჯიშო 7...............................................................................   23

5.2. ინტერვენცია - სამეტყველო-დეკლამაციური სავარჯიშოები ................................   24

რიტმ-დეკლამაცია ................................................................................................................... 24

5.3. III ინტერვენცია   - ,,რიტმის გრაფიკული გამოსახულება“  ....................................... 25

თავი VI.  ინტერვენციების   შეფასება

6.1. ინტერვენციის შეფასების მეთოდები ........................................................................  25 

თავი VII. მიგნებები და დასკვნები

7.1. მიგნებები, რეკომენდაციები .....................................................................................  28

7.2. თვითშეფასება .............................................................................................................   29

7.3. დასკვნა  .......................................................................................................................... 29

გამოყენებული ლიტერატურა ............................................................................................ 30

დანართები   ..........................................................................................................................  31

 

 

შესავალი

    აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის დალი დოლიძის მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.  პრაქტიკის კვლევა ეხება  მოსწავლეთა რიტმის განვითარების მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ნაშრომში განხილულია საკვლევ თემასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები; მოცემულია მიღებული შედეგების ანალიზი და პრაქტიკის გაუმჯობესების ძირითადი ორიენტირები. კვლევა ეყრდნობა სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ ინფორმაციას.

კვლევის გეგმა   იხ. დანართი 1.

ნაშრომი შედგება შვიდი  თავისაგან:

I  თავში მოცემულია ინფორმაცია საკვლევი თემის შესახებ, საკვლევის საკითხის მიმოხილვა.

II  თავში განხილულია კვლევის მიზნები და ამოცანები.

III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორთა მოსაზრებები რიტმის არსსა და მისი განვითარების შესახებ.

IV  თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ; გაანალიზებულია მიღებული შედეგები.

V  თავში განხილულია ინტერვენციების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები.

VI  თავში განხილულია ინტერვენციების შეფასების შედეგები.

VII თავში აღწერილია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და ნაკლოვანებები, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა.

 

 

თავი I.

 საკვლევი საკითხის მიმოხილვა

 

1.1.  არსებული პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა

    მუსიკა, ალბათ, ხელოვნების ის დარგია, რომელიც ყველასთვის ერთნაირად ახლობელია, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა თავად ადამიანს სიმღერა. მუსიკასთან  ჩვენი კავშირი დედის ტკბილ ნანასთან ერთად იწყება და გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.  პიროვნების მრავალმხრივი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ზიარებას სულიერ ღირებულებებთან, ხელოვნებასთან და, კერძოდ, მუსიკასთან. მუსიკა აქტიურ ზეგავლენას ახდენს პიროვნების ემოციურ განვითარებაზე და ზნეობრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. როგორც ესთეტიკური ციკლის საგანი, მუსიკა ფართო ასპარეზია მოსწავლეთა ესთეტიკურ-ზნეობრივი აღზრდისა და  მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის.           თანამედროვე სკოლის მიზანია აღზარდოს მუსიკალური ხელოვნების აქტიური მსმენელი და შემფასებელი. ამ თვალსაზრისით, წინა პლანზე იწევს მოსწავლეთა მუსიკალური აღზრდა, მუსიკალური უნარების განვითარება, რომელთა შორის მნიშვნელოვანია მუსიკალური რიტმის გრძნობის განვითარება. რიტმი მუსიკალური გამოხატვის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ბერძნული სიტყვა „rythmos“ თანაბარზომიერ მოძრაობას აღნიშნავს. მუსიკა წარმოუდგენელია ბგერათა ორგანიზებული მოძრაობის გარეშე. რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება პედაგოგის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.  ეს განსაკუთრებით აქტუალურია დაწყებით საფეხურზე. ამ ეტაპზე თუ არ მოხდა რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება, შემდგომში მოსწავლეები ვერ შეძლებენ მუსიკის აღქმას მთელი სისრულით.

     ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ მუსიკის გაკვეთილები და ვერ ვიტყვი, რომ არ არიან მონდომებულები, მაგრამ  როდესაც რიტმულ სავარჯიშოებზე მუშაობას ვიწყებ, ვხედავ, რომ ზოგიერთი მათგანი თავიდანვე არ ერთვება, სხვები კი იწყებენ სავარჯიშოს და მერე წყვეტენ. ამ ქცევის მიზეზი მარტივია - როდესაც მოსწავლეები ხედავენ, რომ ვეღარ ახერხებენ  აყოლას, მოტივაციას კარგავენ და უბრალოდ წყვეტენ მონაწილეობას. ეს მათ შემდგომ ჩართულობაზეც აისახება.

    ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში მუდმივად ვაწყდებოდი ამ პრობლემას, ის ჩემი კოლეგებისთვისაც არ არის უცხო. სხვადასხვა გზით ვცდილობდი პრობლემის გადაჭრას, ზოგჯერ ვაღწევდი წარმატებას, ზოგჯერ კი უბრალოდ ვეგუებოდი მარცხს და ვთვლიდი, რომ არ ძალმიძს ამ პრობლემის გადაჭრა. ამასთან, მქონდა შეგრძნება, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებდი, რაღაც მნიშვნელოვანი ჩემი ყურადღების მიღმა რჩებოდა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პედაგოგიური კვლევის საკითხად მუსიკალური რიტმი ამერჩია, გამომეკვლია მის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და შემემუშავებინა ამ პრობლემის დაძლევის სისტემური ხედვა და კონკრეტული მეთოდოლოგია. ვფიქრობ, ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, შეძენილი გამოცდილება, აღმოჩენილი მიგნებები და გადაჭრის გზები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას და ჩემს კოლეგებსაც წაადგება თავიანთ პედაგოგიურ საქმიანობაში.

1.2.  პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები

    არსებობს მოსაზრება, რომ რიტმის გრძნობა თანდაყოლილია და მისი განვითარება ფაქტობრივად შეუძლებელია (ლ.ა. ბარენბოიმი, ა.ბ. გოლდენვაიზერი, გ.გ. ნეიჰაუზი, გ.პ. პროკოფიევი). თუმცა სხვა ფსიქოლოგებსა და, აგრეთვე მუსიკოს-პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ შესაბამისი მეთოდოლოგიური მიდგომით შესაძლებელია რიტმის გრძნობის განვითარება (ნ.ა. ვეტლუგინა, ე. ჟაკ-დალკროზი, კ. ორფი, მ.ლ. ფალავანდიშვილი და სხვ.). ჩემს კვლევაში მეც ამ მოსაზრებას ვემხრობი - რიტმის გრძნობის განვითარება შესაძლებელია მიზანმიმართული მუშაობით. მაინც რა შეიძლება იყოს რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები? პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ ადრეულ ასაკში არ ხდება რიტმის  დამუშავება. იდეალურ სიტუაციაში მისი განვითარება დაბადებიდანვე უნდა იწყებოდეს, როდესაც მშობლები ბავშვის კომპლექსურ განვითარებასთან ერთად მის რიტმულ განვითარებასაც უწყობენ ხელს. შემდეგ უნდა გაგრძელდეს მისი სისტემური განვითარება სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში.  სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და რიგ შემთხვევაში ცალკეული პედაგოგების ინიციატივასა და ოსტატობაზეა დამოკიდებული. ისიც აღსანიშნავია, რომ წინა თაობის მუსიკის სახელმძღვანელოებში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული რიტმის განვითარების სავარჯიშოები, ამდენად, მესამე კლასში მოსწავლეებს, ფაქტობრივად, არ აქვთ ჩამოყალიბებული მუსიკალური რიტმი.

1.3.  პრობლემის აქტუალურობა    

    დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის (2018-2024 წ.წ.)  მუსიკის საგნობრივი პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა მოსწავლემ შეძლოს მუსიკალური ელემენტების ამოცნობა და გამოყენება. ამდენად, ამ შედეგების მისაღწევად აუცილებელია რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

მუსიკის სტანდარტი (I-IV კლასები)

შედეგების ინდექსი

1. მიმართულება: შემოქმედება და პრაქტიკა

 

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მუს.დაწყ.(I).1.

გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2.

ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3.

ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.

 

2. მიმართულება: მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მუს.დაწყ.(I).4.

მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5.

ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6.

ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.

 

     ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი რიტმს ემორჩილება - წელიწადის დროები, დღე -ღამის ცვლა, გულისცემა. რიტმის არსებობა ადამიანმა ათასეული წლების წინ აღმოაჩინა. რიტმია ხის ფოთლებიდან ჩამოცვენილი წვიმის წვეთებში, ზღვის ტალღების მიმოქცევაში.  რიტმს ემორჩილება ადამიანის ორგანიზმი. დროთა განმავლობაში ადამიანმა აღმოაჩინა, რომ რიტმული მოძრაობა ზრდის მის შრომისუნარიანობას და ნაყოფიერებას. ამ მიზეზით წარმოიშვა მრავალი ხალხური სიმღერა. რიტმის ელემენტები ბევრგანაა - არქიტექტურაში, დეკორატიულ ხელოვნებაში, ლიტერატურაში. ყველა ერს თავისი ეროვნული რიტმი გააჩნია, რომელიც ვლინდება სიმღერებსა და საცეკვაო მუსიკაში.

    რიტმის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე მუსიკალური საქმიანობა: სიმღერა, რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, მუსიკის აღქმა.  ადრეულ ასაკში რიტმიკის განვითარება ეხმარება ბავშვს გაარჩიოს მუსიკის სხვადასხვაგვარი ტემპი, მოისმინოს და გაიგოს მუსიკა, ანუ ავითარებს მუსიკალურ სმენას და ჰარმონიულობას.

    რიტმული სმენის განვითარება დიდ როლს ასრულებს ბავშვის მუსიკალურ აღზრდაში:

ü  ხელს უწყობს მუსიკალური ნიჭის განვითარებას და ამდიდრებს ბავშვის ემოციურ სამყაროს;

ü  ავითარებს შემეცნებით უნარებს;

ü  ხელს უწყობს შინაგანი დისციპლინის განვითარებას.

1.4. კვლევის ჰიპოთეზა      

    მოსწავლეთა რიტმის განვითარების პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოებისა და მოტივაციური სათამაშო სავარჯიშოების მეშვეობით.

                                                                                                                                                                                       

თავი  II. 

კვლევის მიზნები და ამოცანები

2.1. კვლევის მიზანი

    ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკული კვლევის მიზანი გახლავთ რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა და ამ პრობლემების გადასაჭრელი გზების დასახვა. მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული ისეთი მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც დაეხმარება მათ რიტმის გრძნობის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემის დაძლევაში.

2.2. კვლევის ამოცანა

    კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას: რამდენად არის შესაძლებელი „მარტივიდან რთულისაკენ“ პრინციპზე აგებული რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოებით რიტმის განვითარების ხელშეწყობა?

2.3.  კვლევის კითხვები

o   რა განაპირობებს რიტმის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ჩემს საკვლევ კლასში?

o   როგორია  თითოეული მოსწავლის საჭიროება?

o   როგორ გავაუმჯობესო რიტმის გრძნობა ჩემს მოსწავლეებში?

o   როგორ გავუჩინო ინტერესი მოსწავლეებს, რომ აქტიურად ჩაერთონ სამუშაო პროცესში?

o   რა გავლენას მოახდენს რიტმული სავარჯიშოები რიტმიკის განვითარებაზე?

o   რამდენად შეუწყობს ხელს სათამაშო აქტივობები მოსწავლეთა აქტიურობის გაზრდას და რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემის დაძლევას?

 

თავი  III.

 ლიტერატურის მიმოხილვა

    კვლევის დაწყებამდე გავეცანი შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემ მიერ არჩეული საკვლევი თემა ძალიან მნიშვნელოვანია და, ამასთანავე, რთულიც. დავინახე, რომ რიტმთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა არა მარტო მუსიკის აღქმაში დაეხმარებოდა ჩემს მოსწავლეებს, არამედ მათ მრავალმხრივ განვითარებასაც შეუწყობდა ხელს.

3.1. რიტმი - სამყაროს საფუძველი

    რიტმის პრობლემა ძველთაგანვე იპყრობს ადამიანების ყურადღებას.  ნეტარი ავგუსტინე, ეყრდნობოდა რა პითაგორელებისა და ნეოპლატონიკოსებისეულ რიცხვის გაგებას, ყველა საგანსა და მოვლენაში რიცხვობრივ კანონზომიერებას ხედავდა.  სასიცოცხლო და ბუნებრივი მოვლენების ციკლურმა ხასიათმა უბიძგა ადამიანს  ეფიქრა რიტმის ბუნებაზე.  რიტმი ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევია. ის ყველგანაა და ყველაფერში. თანამედროვე სამყარო სავსეა უამრავი სასიცოცხლო რიტმით, რომელთაც ეჯახება თითოეული ბავშვი - რიტმია სიარულში, გულისცემაში, საათის ისრების მოძრაობაში... ხშირად ისმის გამოთქმები: „მუსიკალური რიტმი“, „ლექსის რიტმი“, „გულის რიტმი“, „ბიორიტმი“...

    XX საუკუნის მუსიკისმცოდნე Brain loiu წერს: „მუსიკის ყველა ელემენტიდან არც ერთს არ აღუძრავს იმდენი სამეცნიერო დავა და არ მიუცია საბაბი განყენებული და წინააღმდეგობრივი მოსაზრებების გამოთქმისა, როგორც რიტმს. მისი განმარტება ვრცელდება მეტაფიზიკიდან ტექნიკურ სიზუსტემდე...“. რიტმი სამყაროს რიცხვი, ბუნების, მუსიკის საფუძველია.

 

 

3.2. მუსიკალური რიტმი

    საზოგადოდ, აზროვნება და, კერძოდ, მუსიკალური აზროვნება წესრიგს მოითხოვს. ეს წესრიგი მუსიკაში სწორედ რიტმს შემოაქვს. რიტმი ახარისხებს და ათანხმებს ბგერებს გრძლიობის მიხედვით დროში. მელოდიაში, როგორც უმნიშვნელოვანეს ინტონაციურ საწყისში ვლინდება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მუსიკალური ელემენტი - რიტმი. მელოდია უშუალო კავშირშია რიტმთან. მუსიკალურ ნაწარმოებს რიტმის გარეშე არსებობა არ შეუძლია.

3.3. მუსიკალური მეხსიერება

    მუსიკა საოცარ  ზემოქმედებას ახდენს ყველაზე - დიდებზეც და პატარებზეც, თანაც პატარა ასაკიდანვე. უფრო მეტიც,  მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მუსიკას უსმენს დედა ორსულობის დროს, რადგანაც მუსიკა დადებით გავლენას ახდენს ნაყოფის მდგომარეობაზე (შესაძლოა მის გემოვნებასა და მომავალ მიდრეკილებებსაც კი აყალიბებს). აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის მუსიკალური კულტურის საფუძვლების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე. მუსიკალურ აღზრდასა და ზოგადად, მუსიკალურ პედაგოგიკაში  ცალკე ადგილი უჭირავს მუსიკალურ მეხსიერებას, რადგანაც ეს არ არის უბრალოდ მეხსიერება, ის კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს სხვადასხვა სახის მეხსიერებათა სინთეზს - მხედველობითი, ლოგიკური, ტაქტილური, მოტორული, ემოციური, სმენითი.

    ლოგიკური მეხსიერება უკავშირდება სანოტო ტექსტს, მის ანალიზს. მოტორული მეხსიერება არის ხელებისა და ფეხების მოძრაობების დამახსოვრება. მისი გავარჯიშებისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. როდესაც მუსიკალურ მეხსიერებაზე ვსაუბროთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ემოციურ მეხსიერებას, რომელიც ყველაზე რთული სახეა მეხსიერებისა. ნაწარმოების ან სიმღერის შესწავლის დროს ის თითქოს პერიფერიაშია და უეცრად აღმოცენდება. ამავე დროს ის ყველაზე მტკიცე და საიმედოა, რადგანაც თავის თავში მოცავს შესრულებისთვის საჭირო ბევრ უნარ-ჩვევას. ემოციური მეხსიერების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია მუდმივი ანალიზი, გულწრფელობა, გრძნობების ზომიერება, ლოგიკა. ამ პრობლემის გადაჭრა ბავშვებისთვის რთულია, ამიტომ მუდმივად საჭიროა შესასრულებელი ნაწარმოებების რეპერტუარის გამრავალფეროვნება, სხვადასხვა ტონალობების შემოტანა. მუსიკალური მეხსიერების დასკვნითი ეტაპი სმენითი მეხსიერებაა. ეს ჩანს რიტმის, მელოდიის, ჰარმონიისა და სხვა დამახსოვრებაში. სმენითი მეხსიერება ბავშვის საერთო მუსიკალურ განვითარებასთან ერთად ვითარდება.

    ნათლად იკვეთება, მუსიკალური მეხსიერების განვითარება საკმაოდ სერიოზული და რთული პროცესია, რადგანაც მის განვითარებას თან სდევს მეხსიერების სხვა სახეების განვითარების სინთეზი. რა თქმა უნდა, კარგია, თუ მისი განვითარება ადრეული, სკოლამდელი ასაკიდან დაიწყება, თუმცა მასზე მუშაობის დაწყება მოგვიანებითაც შეიძლება.

3.4. მუსიკალური აზროვნება

    მუსიკალური აზროვნება თავის თავში მოიცავს კოგნიტური აზროვნებისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშან-თვისებას, ერთის გარდა: ის არ მიჯნავს მსგავსსა და განსხვავებულს, მოსმენილი მელოდიის ანალიზი და იდეალური წარმოდგენების სინთეზირება ხდება შეუცნობლად. მუსიკალურ პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში მუსიკალური აზროვნების ჩამოყალიბების პრობლემა ყველაზე საინტერესო საკვლევ საკითხადაა მიჩნეული. პასუხის გასაცემად კითხვაზე თუ როგორ ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს მუსიკალური აზროვნება ალბათ უნდა გავაერთიანოთ  უამრავი მუსიკის პედაგოგის, მუსიკოსის, მეცნიერისა თუ ფსიქოლოგის მიერ მუსიკის სწავლების ოპტიმალური ხერხების ძიებაში აღმოჩენილი  მიდგომები და   მეთოდები.

    მუსიკათმცოდნეები  ცდილობენ შექმნან მუსიკალური აზროვნების ერთიანი კონცეფცია თანამედროვე ფსიქოლოგიის, ესთეტიკის, ლინგვისტიკის, საინფორმაციო თეორიის, კიბერნეტიკისა და სხვა იდეების საფუძველზე. მაგრამ, ალბათ უპრიანი იქნება სწორედ მუსიკის მხრიდან მივუდგეთ ამ საკითხს. მუსიკალური ხელოვნების ღირსება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის არ შემოიფარგლება რაიმე სურათების ან მოვლენების კონკრეტიკის გამოსახვით, მასში განზოგადებულია მუსიკაში ასახული იდეები, გრძნობები, აზრები.

    ადრეული ასაკის მოსწავლეებში მუსიკალური აზროვნების სამ ასპექტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: მოცულობა, კავშირი და შემოქმედება. მოზრდილი ადამიანის განვითარებულ აზროვნებას შეუძლია შინაარსობრივი აბსტრაგირება. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადრეულ ასაკშიც შეიძლება განზოგადების უნარების განვითარება.  რა ასრულებს მუსიკალურ ხელოვნებაში შინაარსობრივი აბსტრაგირების როლს? პასუხი ერთია - ინტონაციაში იგულისხმება მეტყველების არსი, მისი ფსიქიკური ტონუსი, განწყობა. უფრო ზუსტად ეს შეიძლება იყოს „მუსიკის ფრაგმენტები“, „მელოდიური ფორმირებები“, „სამახსოვრო წამები“, „ინტონაციის მარცვლები“.

    მუსიკალური აზროვნების მოცულობა  შეიძლება დავარქვათ მოსწავლის მუსიკალურ-ინტონაციურ ლექსიკონს,  რომლის განვითარებაც  იძლევა მუსიკალური ხელოვნების ერთიანი სურათის დანახვის საშუალებას სხვადასხვა მუსიკალური შთაბეჭდილებების გაერთიანების გზით. თუ მოსწავლეს არ გააჩნია შესაბამისი  „სიტყვა“ („მუსიკის ფრაგმენტები“) თავის ინტონაციურ ლექსიკონში, ის, რა თქმა უნდა, ვერ აღიქვამს ნაწარმოებში ახალ ინტონაციებს. ამიტომ არის აქტუალური ზრუნვა ბავშვის ინტონაციური ლექსიკონის შევსებაზე.

    მუსიკალური აზროვნება ყოველთვის მოიცავს კავშირების ძიებას: შიდა და გარეგანი, არსებითი და არაარსებითი. მუსიკალურ ხელოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოვლენათა  მოძრაობის ცვლადობის, ელემენტების ჟღერადობის  კავშირს. ამ ურთიერთკავშირების დასანახად შეიძლება ინტონაცია გამოდგეს. თავად ნაწარმოებში ერთი ინტონაცია იწვევს მეორეს, უკავშირდება მას.  თავად მუსიკალურ ხელოვნებაშიც  სწორედ ინტონაცია ასრულებს მაკავშირებელი რგოლის ფუნქციას  მუსიკალური კულტურის სხვადასხვა მხარეებს შორის.

3.5. მუსიკალური სმენა

    მუსიკალური სმენა, სმენითი აღქმა და სმენითი კონტროლი მჭიდრო კავშირშია არტიკულაციური აპარატის განვითარებასთან.  მოკლე, მარტივი მელოდიის მქონე სიმღერების დასწავლა ხელს უწყობს სწორი  არტიკულაციის, ბგერების მართებულად წარმოთქმის, მახვილის, რიტმის თავისებურებების განმტკიცებას. ამ მიზნების მიღწევა, წესით, უცხოური ენის გაკვეთილებზე უნდა ხდებოდეს, მაგრამ იქ ამ აქტივობას ძირითადად ფონოლოგიური გავარჯიშებისთვის იყენებენ. აქ დიდ როლს ასრულებს თამაშები, რომლებშიც მოკლე, სახალისო სიმღერებთან ერთად გამოყენებულია ჟესტები, მიმიკები და მოძრაობები.

3.6. მუსიკალურ-რიტმული გრძნობის განვითარება

    რიტმის აღქმაში ბავშვს თავად მუსიკა ეხმარება, რომელიც მას ესმის. რიტმის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე ძალაა სმენა და მუსიკალური მეხსიერება, მოძრაობის ფიზიკური შეგრძნება.  რიტმი მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი ელემენტია. რიტმის ჩამოყალიბება პედაგოგის  უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. რიტმი მუსიკაში მხოლოდ დროის გაზომვით კატეგორიას არ წარმოადგენს, ის ასევე ემოციურ-გამომსახველობითი, პოეტური და მხატვრულ-აზრობრივი საზრისის მატარებელიცაა.

    ასევე უნდა აღინიშნოს რიტმის გრძნობის წამყვანი როლი მოტორიკის განვითარებაში. რიტმის აღქმა იწვევს მრავალგვარ შეგრძნებას: ენის,  თავის, ფეხისა და ხელის  თითების, ხორხის, მკერდის კუნთების შეკუმშვა. ამიტომ რიტმის გრძნობის განვითარებაზე მიმართული სავარჯიშოები, ყველაფერთან ერთად, ბავშვის გამაჯანსაღებელ ფუნქციასაც ასრულებენ.

    ამდენად, რიტმის განმავითარებელი სავარჯიშო-თამაშები  მხოლოდ სასწავლო ხასიათს არ ატარებენ, მათ ერთგვარი თერაპევტული ეფექტიც აქვთ (ემოციური დაძაბულობის მოხსნა და ნებისყოფის ჩამოყალიბება).

    რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება იწყება ტემპის შესწავლით (სწრაფიდან ნელისკენ), შემდეგ მეტრი (ორწილადი, სამწილადი, ოთხწილადი), მოგვიანებით რიტმული სურათი (ერთნაირი და განსხვავებული გრძლიობები). ამიტომ მუშაობა რიტმის განვითარებაზე მარტივი დავალებებით უნდა დაიწყოს.

    მუსიკალური რიტმის ელემენტებზე მუშაობა სხვადასხვაგვარია. ბავშვებთან ერთად უნდა ვცადოთ აღვიქვათ და გავიმეოროთ ტაშით ჯერ მეტყველების და შემდეგ მუსიკის მეტრული პულსი. აქ გამოდგება როგორც მოკლე  ლექსები, ასევე მარტივი სიმღერები. შემდეგ თანდათან ვართულებთ, შემოგვაქვს უფრო რთული პიესები, მაგალითად, მარშები, ცეკვები. შემდგომში ვიწყებთ მელოდიის რიტმული სურათების გადმოცემას მოძრაობაში. ამას ბავშვები ჯერ სმენით აკეთებენ, ინტუიტურად, შემდეგ უკვე შეიძლება უფრო რთული ელემენტების შემოტანა.

    დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, მუსიკალური კულტურის საფუძვლების განვითარებისათვის ბავშვის ადრეულ ასაკშივე უნდა  შეიქმნას შესაბამისი გარემო. მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური აღზრდის პროცესში ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლება არ იქცეს თვითმიზნად, არამედ ის ხელს უნდა უწყობდეს მუსიკალური კულტურის ჩამოყალიბებას.

 

 

 

 

თავი IV. 

მეთოდოლოგია

4.1. კვლევის სამიზნე  ჯგუფი

    III  კლასის მოსწავლეები.  კვლევაში გამოვიყენე  სრული შერჩევა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დამედგინა თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები და ინდივიდუალური თავისებურებები.

4.2.  მონაცემების შეგროვების მეთოდები 

    პროფესული ლიტერატურის გაცნობის შემდეგ დავგეგმე დიაგნოსტირების ეტაპი.  კვლევის სანდოობის მიზნით მონაცემთა შესაგროვებლად  გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები: რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად შევარჩიე ანკეტირება და რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები, მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.  პრობლემის იდენტიფიცირებისთვის  გამოვიყენე ფოკუსჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ საკვლევი კლასის მოსწავლეები და მუსიკის მასწავლებლები. მოსწავლეებთან ფოკუსჯგუფის მიზანი იყო აღმომეჩინა მოსწავლეთა შესაძლებლობები და საჭიროებები. ჯგუფური დისკუსია მასწავლებლებთან დამეხმარა დამედგინა, ისინი როგორ უმკლავდებოდნენ რიტმთან დაკავშირებულ პრობლემებს.

4.3.  მონაცემთა ანალიზი

კითხვარი - საკვლევი კლასის მოსწავლეები.

    კითხვარი ორნაწილიანი იყო  (დანართი 2.). პირველ ნაწილში მათი დამოკიდებულებების გარკვევა მინდოდა, ხოლო მეორე ნაწილში კონკრეტული უნარ-ჩვევების. კითხვარის პირველ ნაწილზე ბავშვების პასუხების უმრავლესობა ასეთი იყო: მუსიკა არის როცა ადამიანები მღერიან. სიმღერა და ცეკვა ყველას მოსწონდა,  უმრავლესობისთვის საყვარელი  იყო საბავშვო ,,ბასტი-ბუბუს“ სიმღერები. ბავშვები თვლიდნენ, რომ მუსიკა არსებობს დასვენებისთვის და გართობისთვის.

    კითხვარის მეორე ნაწილში გამოიკვეთა მოსწავლეთა საჭიროებები, უმრავლესობას გაუჭირდა დადგენა, რომელ მარცვალზე უნდა დაეკრათ ტაში. (დანართი 3.)

დაკვირვება - ფოკუსჯგუფი - საკვლევი კლასის მოსწავლეები.

    მოსწავლეების უმრავლესობამ აღიარა, რომ პრაქტიკული რიტმული სავარჯიშოს შესრულება  საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს  და სირთულეებთან არის დაკავშირებული. თვლიან, რომ ჯობს ჯერ მასწავლებელთან ინდივიდუალურად გაარკვიონ რიტმული ნახაზი და შემდეგ კლასთან ან მეწყვილესთან ერთად შეასრულონ,  ხშირად უნდა იმეცადინონ ამ სავარჯიშოებზე და თანდათან გაუღრმავდებათ რიტმის გრძნობა  და უკეთესად შეასრულებენ. ასევე გამოთქვეს აზრი, რომ ეს აქტივობები ძალიან სახალისოა და მათ ეს  მხიარულებას და პოზიტიურ განწყობილებას სძენს.

რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები  

    მოსწავლეებს თანმიმდევრობით უნდა ეთქვათ ეს ფრაზა, პირველ ორ სიტყვაზე დაეკრათ ტაში, ხოლო მესამეზე-სადაც საკუთარი სახელი უნდა დაესახელებინათ ხელი გაჩერებული იყო ჰაერში, როგორც ჩიტის ფრთები.

     აღმოვაჩინე რამდენიმე ბავშვი, რომელთაც ჰქონდათ  მყარი რიტმის პრობლემა. ხან აჩქარებდნენ ტაშის დაკვრას და ხან კი ანელებდნენ.

 

ფოკუსჯგუფი - მუსიკის  მასწავლებლები.

    პედაგოგებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ ისინიც აწყდებოდნენ სირთულეებს რიტმის განვითარებაზე მუშაობის დროს და პრობლემების დასაძლევად იყენებდნენ მარტივ რიტმულ სავარჯიშოებს, მოკლე სიმღერებს. ბევრი მათგანი ამ მიზნით მიმართავდა ინგლისურ სიმღერებს, რადგან მიაჩნდათ, რომ იქ მკაფიოდ ჩანს რიტმი. ზოგმა პედაგოგმა აღნიშნა, რომ რიტმთან დაკავშირებული პრობლემები უშუალოდ ბავშვის სმენასთანაა დაკავშირებული, ასეთ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობენ.

 

4.4. მონაცემთა ანალიზის  შედეგები

    პრობლემის საიდენტიფიკაციოდ გამოყენებულმა მეთოდებმა საშუალება მომცა სწორად განმესაზღვრა საკვლევ თემასთან დაკავშირებული პრობლემები. მოსწავლეთა ანკეტირებამ საშუალება მომცა დამენახა მათი საჭიროებები. ფოკუს-ჯგუფი დამეხმარა პრობლემის დაკონკრეტებაში. ინტერვენციების დაგეგმვისას გავითვალისწინე ანკეტირებისა და მოსწავლეთა ფოკუსჯგუფის შედეგები და დავგეგმე ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა რიტმის გრძნობის განვითარებას, აამაღლებდა მათ მოტივაციას და აისახებოდა მათ მიღწევებზე.

 

 

თავი V.

ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება

    დიაგნოსტირების შედეგების ანალიზისა და ზოგადი დასკვნების გამოტანის შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები.

5.1.     I ინტერვენცია  - რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები

რიტმულ - ინტონაციური სავარჯიშო 1

    ბავშვები მღერიან დო მაჟორს აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით, გაორმაგებული ბგერებით და ყვებიან ,,დასარტყამი ინსტრუმენტებით“. (ტაში, პენალი, ფანქარი). ბავშვები აქცენტს გამოხატავებ  ძლიერ დროზე  თავიანთი დასარტყამი ,,საკრავებით“. I რიგი-ტაში ,  II რიგი-პენალი,  III რიგი-ფანქარი.

 

რიტმულ - ინტონაციური სავარჯიშო  2

    ვიწყებ ტაშის დაკვრას, რომელიც გამოხატავს მარტივ რიტმულ სავარჯიშოს, ბავშვებს ვთხოვ ამყვნენ. ვცვლი რიტმულ სურათს  და ისინი ცდილობენ მომბაძონ. ასევე ვცვლი რიტმული სურათის ტემპს, ხან ვანელებ და ხან კი ვაჩქარებ ქმედებას. შემდგომ  გაკვეთილზე კი ვთხოვ ბავშვებს ეს სავარჯიშო მუსიკის თანხლებით შეასრულონ. (შტრაუსი ,,რადეცკის მარში“, ბავშვები ააყოლებენ ტაშით , ერთ ადგილზე სიარულით, ,,მარაკასებით“ (ბოთლში ჩაყრილი ცოტაოდენი მარცვლეულით).

 

რიტმულ- ინტონაციური სავარჯიშო, ზომა 2/4

 

 

რიტმულ - ინტონაციური სავარჯიშო 3

    ჩემთან ერთად ბავშვები ასრულებენ რიტმულ სავარჯიშოს, ზომა 2/4. შემდეგ კი იგივე მარცვლებზე ინტონაცია. ისინი აყვებიან ამ ინტონაციას ,,დასარტყამი საკრავები ორკესტრით“, რაც ხალისიანს ხდის აქტივობას.

 

 

რიტმულ- ინტონაციური სავარჯიშო 4

    შედარებით გავართულე რიტმულ სავარჯიშო, მერვედი და ნახევრიანი ნოტების შერევით . ბავშვები აყვებიან ამ ინტონაციას ,, დასარტყამ საკრავთა ორკესტრით“.

 

რიტმულ- ინტონაციური სავარჯიშო 5

    ზომა 2/4  შემდეგ გადავდივართ 3/4  ზომაზე , სადაც პირველი თვლა ძლიერი დროა, ხოლო მეორე და მესამე კი სუსტი. თანდათან  ვართულებ სავარჯიშოს.

 

 

რიტმულ- ინტონაციური სავარჯიშო 6

ვცვლი და ვართულებს რიტმულ- ინტონაციური სავარჯიშოს . ზომა 4/4

 

რიტმულ- ინტონაციური სავარჯიშო 7

    კლასს ვყოფ   ორი ჯგუფად . პირველი ჯგუფი რიტმულ ფიგურაციას უკრავს ტაშით, ხოლო მეორე ჯგუფი კი გაკეთებული ,,მარაკასებით“. ჯერ რიტმს ამუშავებენ ჯგუფები ცალკე, შემდეგ კი ორივე ჯგუფი ერთად. სამი სახის სავარჯიშოა მოცემული, ზომა : 2/4;   3/4  და  4/4.

 

5.2. II ინტერვენცია - სამეტყველო-დეკლამაციური სავარჯიშოები

რიტმ - დეკლამაცია

ბავშვები წერენ რვეულში მცენარეების, ცხოველების, ფრინველების დასახელებას დამარცვლით. შემდეგ კი გამოსახავენ   ტაშით. რიტმი უნდა შესრულდეს ტაშით გამომსახველად, ძლიერ დროზე ძლიერი ტაშის დაკვრით. რიტმ-დეკლამაციას შეიძლება თან ახლდეს რიტმული თანხლება (მარაკასები, სამკუთხედი, ზარები, ჯოხები, და ..)

მოსწავლეები რვეულში წერენ ზომა 2/4 , დაყოფენ ტაქტებად და ჩაწერენ სხვადასხვა დამარცვლილ სიტყვებს. სიტყვები უნდა იყოს 1, 2, 4  მარცვლიანი. შემდეგ კი ტაშით გამოსახავენ, ძლიერ დროზე ძლიერი ტაშის დაკვრით.

5.3.    III ინტერვენცია   - ,,რიტმის გრაფიკული გამოსახულება“

მოსწავლეები ისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს და ბავშვებმა ფურცელზე უნდა გამოსახონ გრაფიკულად. გრძელ ბგერებს მოსწავლეები გამოსახავენ ვერტიკალური შტრიხებით, მოკლეს კი კუდიანი ჯოხებით. შემდეგ კი ნაწარმოების მოსმენისას გრძელ ნოტებს გამოსახავენ ტაშით. გრაფიკული ნაწერის მეშვეობით, ვიზუალური აღქმიდან გამომდინარე ბავშვები უკეთესად აცნობიერებენ რომ არსებობს მოკლე და გრძელი ბგერები.

თავი VI. 

ინტერვენციების   შეფასება

6.1. ინტერვენციის შეფასების მეთოდები

     ინტერვენციების დასრულების შემდეგ გავაანალიზე მიღებული შედეგები. შეფასების მეთოდებად შევარჩიე ჯგუფური დისკუსია მოსწავლეებთან. ასევე განმეორებითი რიტმულ ინტონაციური სავარჯიშოები. ქვევით მოცემულ დიაგრამაზე ჩანს მოსწავლეთა პროგრესი.

 

რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები -

მასწავლებელი ტაშით გამოხატავს რიტმულ სავარჯიშოს, მოსწავლეები აყვებიან. მასწავლებელი თანდათანობით ცვლის რიტმულ სურათს და ბავშვებიც ბაძავენ მას. მასწავლებელი რიტმულ სურათთან ერთად ცვლის ტემპს. ხან ანელებს და ხან აჩქარებს.

 

კლასი დაყოფილია სამ ჯგუფად. დაფაზე გაკრული სამი სხვადსახვა რიტმულ - გრაფიკული სავარჯიშო, სადაც არის მოცემული: მეოთხედი პაუზა, მეოთხედი და მერვედი ნოტები.  სამივე ჯგუფი ტაშით გამოსახავს თავის ვარიანტს . შემდეგ კი ერთი ტაქტის ინტერვალით იწყებს ჯერ პირველი ჯგუფი, შემდეგ უერთდება მეორე და ბოლოს მესამე ჯგუფი. სამივე ჯგუფი ერთდროულად უკრავს თავის ვარიანტს ვიდრე მასწავლებელი არ ანიშნებს რომ დაასრულონ.

 

გაკვეთილის დაწების წინ, მოსწავლეები დგანან  დერეფანში, ერთმანეთის უკან და იწყება ,,რიტმული სვლა“ საკლასო ოთახში. თვლა 4/4. მასწავლებელი უკრავს ორჯერ ტაშს და ადებს მოსწავლეს მხარზე ხელს, ასე იმეორებს ყველა. მხარზე ხელის დადების შემდეგ შედის მოსწავლე საკლასო ოთახში.

 

 

 

 

 

 

 

დიაგნოსტირების შედეგები

 

             

     

     

 

ინტერვენციების შემდეგ

 

    ჯგუფური დისკუსია - ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო გამეგო თავად მოსწავლეები როგორ აფასებდნენ თავიანთ პროგრესს. მოსწავლეებთან საუბარში გამოიკვეთა, რომ მათთვის გაკვეთილები გაცილებით საინტერესო და სახალისო გახდა, მოსწონდათ თამაშის ელემენტები. თავადვე დაინახეს საკუთარი პროგრესი, რამაც გაზარდა მათი მოტივაცია.

 

თავი VII.

 მიგნებები და დასკვნები

7.1. მიგნებები, რეკომენდაციები

ü  რიტმის გრძნობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური უნარია, რომელსაც აქვს როგორც მოტორული, ასევე ემოციური ხასიათი.

ü  თამაშის ელემენტების გამოყენება გაკვეთილზე უზრუნველყოფს ეფექტიან დამატებით მოძრავ საყრდენს რიტმის განსავითარებლად და ააქტიურებს მოსწავლეთა შემოქმედებას.

ü  მუსიკალურ-დიდაქტიკური თამაშები ხელს უწყობს რიტმის „განცდის“ ჩამოყალიბებას და ამ გამოცდილების  შემდგომ გამოყენებას.

რეკომენდაციები -

Þ    ადრეულ ასაკში ბავშვის რიტმის გრძნობის განვითარება მუსიკალური აღზრდის მნიშვნელოვანი შემადგენელია და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

Þ    რიტმის განვითარებაზე მუშაობა უნდა წარიმართოს პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ: რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები, მარტივი, მოკლე სიმღერები, რთული პიესები (მარში, ცეკვა), რიტმული სურათი.

Þ    მასწავლებელმა მიზანმიმართულად უნდა დაგეგმოს მუსიკალურ-დიდაქტიკური თამაშების გამოყენება გაკვეთილზე მუსიკალური რიტმის განსავითარებლად.

7.2. თვითშეფასება

     ვფიქრობ, ჩემ მიერ განხორციელებული კვლევით პასუხი გაეცა კვლევის დასაწყისში დასმულ კითხვებს და გამოთქმულ ჰიპოთეზებს.  სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისას სრული შერჩევა განვახორციელე. საწყის ეტაპზე ეს მისაღებიც იყო და შესაძლებელიც მონაცემთა შეგროვებისას, ამ თვალსაზრისით, პრობლემა არ შემქნია, მაგრამ ინტერვენციების დროს, ვფიქრობ ვერ მოვახერხე თითოულ მოსწავლეზე დაკვირვება. უკეთესი იქნებოდა მცირე შემადგენლობის ფოკუს ჯგუფები ამერჩია.

 

7.3. დასკვნა

      წარმოდგენილი ნაშრომი გვიჩვენებს, რომ მოსწავლეთა რიტმის გრძნობის განსავითარებლად საჭიროა სისტემური გეგმაზომიერი მუშაობა. ამასთან, ეს პროცესი ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ არ იყოს მოსწავლეებისთვის დამღლელი და არ დაუკარგოს საგნისადმი ინტერესი. ამიტომ თამაშებით გაჯერებული სასწავლო პროცესი სარგებელთან ერთად მოსწავლეთა მოტივაციასაც აამაღლებს და პედაგოგის მუშაობას ეფექტიანს გახდის. როდესაც მუსიკალური საქმიანობის პროცესში მოსწავლეები შეიძენენ შესაბამის უნარ-ჩვევებს, განუვითარდებათ მუსიკალურ-ესთეტიკური ცნობიერება, მომავალში ეს მათ ზნეობრივ განვითარებაზეც აისახება.

 

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა :

1.    ბუსურაშვილი, ., . გარაყანიძე. „მუსიკის აღქმის განვითარება და მისი ხელისშემწყობი აქტივობის ფორმები.“ ინტელექტი, 2(13), (2002): 104-105.

2.    გარაყანიძე, . „სიტუაციური თამაშის როლი მუსიკალური ანბანის სწავლებისას.“ საზრისი, N 7, (2002): 145-147.

3.    მუსიკალურ-რიტმული მოძრაობები საბავშვო ბაღში, რედაქტორი: მ. დავითაშვილი; შემდგენლები: ლ.გრიგოლია, თ. გვერდწითელი, ქ.დგებუაძე. გამომცემლობა,, განათლება“ 1977წ.

4.    პედაგოგიური სიტუაციების მოდელირება, როგორც მუსიკის მასწავლებლის მომზადებისა და გადამზადების საშუალება ელზა გარაყანიძე სადისერტაციო ნაშრომი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2014 http://iliauni.edu.ge/uploads/other/1/1481.pdf

5.    კეჩხუაშვილი, . პედაგოგიური ფსიქოლოგია. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მუსიკალური განვითარების ზოგიერთი საკითხი. I ნაწილი. თბილისი: ცოდნა, 1975.

6.    Акимова Юлия Сергеевна. Развитие ритмического слуха младших школьников на занятиях музыки с применением компьютерных технологий.  Москва, 2008  ht

7.    tp://www.brainin.org/Method/method_pro_ru/Akimova.pdf

8.     Холопова В.Н. Проблемы музыкального ритма. Москва, 2003

 

 

 

 

 

 

 

                                           დანართები

                                               კვლევის ვადები                                           დანართი 1.

 

 

აქტივობა

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

საკვლევი საკითხის შერჩევა

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურის დამუშავება

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

კითხვარების შემუშავება

 

 

X

 

 

 

 

 

 

 

მოსწავლეთა ანკეტირება

 

 

X

 

 

 

 

 

 

 

მიღებული შედეგების ანალიზი

 

 

X

 

 

 

 

 

 

 

დაკვირვება საგაკვეთილო პროცესზე რიტმულ ინტონაციური სავარჯიშოები

 

 

 

X

 

 

 

 

 

 

ჯგუფური დისკუსია მოსწავლეებთან

 

 

 

X

 

 

 

 

 

 

შეხვედრა ფოკუს ჯგუფთან(მასწავლებლები)

 

 

 

X

 

 

 

 

 

 

მიღებული შედეგების ანალიზი

 

 

 

X

 

 

 

 

 

 

სავარაუდო ინტერვენციების განხილვა

 

 

 

 

X

 

 

 

 

 

ინტერვენციების განხორციელება

 

 

 

 

 

X

X

X

X

 

ინტერვენციების შედეგების ანალიზი

 

 

 

 

 

 

 

 

X

 

კვლევის შეჯამება

 

 

 

 

 

 

 

 

X

 

პრეზენტაცია, შედეგების გაცნობა

 

 

 

 

 

 

 

 

X

 

 

დანართი 2.

 

კითხვარი

 

1.     იცი,  რა არის მუსიკა?

2.     გიყვარს ცეკვა?

3.     როგორ ფიქრობ, რისთვის არის საჭირო მუსიკა და ცეკვა?

4.     რომელი სიმღერა გიყვართ?

5.     რა სახის აქტივობებს ანიჭებთ უპირატესობას მუსიკის გაკვეთილზე? (სიმღერის შესწავლას, მუსიკის მოსმენას და მის ირგვლივ მსჯელობას, რიტმიკას.

6.   რამდენჯერ შეგიძლია ტაშის დაკვრა თუ სიტყვა შედგება სამი  მარცვლისგან?

7.   რამდენჯერ შეგიძლია ტაშის დაკვრა თუ სიტყვა შედგება ოთხი  მარცვლისგან?

8.   როგორ ფიქრობ, ორმარცვლიან სიტყვაში რომელ მარცვალზე უნდა დაუკრა ხმამაღლა, გამოკვეთით?

9.   როგორ ფიქრობ, სამმარცვლიან სიტყვაში რომელ მარცვალზე უნდა დაუკრა ხმამაღლა, გამოკვეთით?

10.                   როგორ ფიქრობ, ოთხმარცვლიან სიტყვაში რომელ მარცვალზე უნდა დაუკრა ხმამაღლა, გამოკვეთით?

 

 

 

 

დანართი 3.

გამოკითხვის შედეგები

 

 

 

 


 

დანართი 4.

 

 

სადიაგნოსტიკო რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშო

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5.

ჯგუფური დისკუსია მოსწავლეებთან

1.     როგორ ფიქრობ, პრაქტიკული რიტმული სავარჯიშო  კლასთან ერთად ზუსტად გამოგდის თუ არა?

2.     როგორ ფიქრობ, რა არის ამის  მიზეზი?

3.     ხომ არ ჯობს, ჯერ მასწავლებელთან ერთად დაამუშაო  სავარჯიშო და შემდეგ კი კლასთან ერთად ?

4.     როგორ გირჩევნია ამ სავარჯიშოს შესრულება:  ტაშით, კაკუნით თუ  ფეხის ბაკუნით?

5.     როგორ გირჩევნია სავარჯიშოს შესრულება: მარტო, მეწყვილესთან თუ კლასთან ერთად?

 

 

დანართი 6.

 

ჯგუფური დისკუსია მასწავლებლებთან

1. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ რიტმის განვითარებაზე მუშაობა?

2. რა სახის პრობლემებს აწყდებით რიტმზე მუშაობის დროს?

3. რა არის, თქვენი აზრით, რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმომშობი მიზეზები?

4. რა მეთოდები შეიძლება იყოს გამოყენებული რიტმის განვითარებისთვის?

5. რამდენად ეფექტიანია რიტმის განსავითარებლად რიტმული სავარჯიშოების გამოყენება?

კვლევის შედეგების გაზიარება/ რეფლექსია

 

ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის თემა იყო: 

„მუსიკალური რიტმის  მნიშვნელობა და მის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოებით“

     კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო III კლასის 26 მოსწავლე. კვლევა მიმდინარეობდა 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში და დასრულდა 2019 წლის ივნისში. ჩემი მიზანი იყო გამომეკვლია და დამედგინა რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოების მეშვეობით დავხმარებოდი ჩემს მოსწავლეებს ამ პრობლემების გადაჭრაში. კვლევის პროცესში ვთანამშრომლობდი კოლეგებთან.  მაინტერესებდა, ისინი როგორ ჭრიდნენ ამ პრობლემებს და რა წარმატებებს აღწევდნენ. ვაკვირდებოდი ჩემს მოსწავლეებს, მათთან საუბრით და პრაქტიკული სავარჯიშოებით ვცადე პრობლემების დაძლევა და, ვფიქრობ, მივაღწიე გარკვეულ წარმატებებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი კოლეგების აზრი ჩემ მიერ ჩატარებულ მუშაობაზე, მათი შეფასება და პროფესიული რეკომენდაციები და კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია 13.06.2019 წ. გავუზიარე ჩემს კოლეგებს.

    პრეზენტაციის დროს ჩემს კოლეგებს გავაცანი კვლევის ეტაპები, დიაგნოსტიკის ეტაპზე განხორციელებული აქტივობები და ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები, კვლევის მიგნებები და დასკვნები. ჩემი კვლევის პრეზენტაციის შემდეგ ვუპასუხე მათ კითხვებს, ასევე ვთხოვე, შეევსოთ კითხვარი, რათა შემდეგ გავცნობოდი მათ შეფასებებს. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ საკვლევი საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან მუსიკალური რიტმის განვითარება ხელს უწყობს სმენისა და მეხსიერების  განვითარებას, რაც ზოგადად სასარგებლო იქნება მომავალში მოსწავლეებისათვის. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის სისტემა, რომლითაც მე ვიმუშავე რიტმის განვითარებაზე - მარტივიდან რთულისკენ. ბევრი სავარჯიშო მათთვის უცნობი იყო და აუცილებლად გამოიყენებენ მომავალში საკუთარ პრაქტიკაში.

    ჩემთვის საინტერესო იყო მოსწავლეების შეფასება, ის, რომ მათთვის საინტერესო და სახალისო გახდა სავარჯიშოების შესრულება. ეს ინფორმაცია ჩემს კოლეგებსაც გავაცანი და შევთავაზე, მომავალ სასწავლო წელს ერთობლივად განგვეხორციელებინა ჩემი კვლევის შედეგების დანერგვა.

    ჩემთვის ძალიან ღირებული იყო კვლევის შედეგად მიღებული შეფასებები. ისინი დამეხმარება კვლევის შედეგად მიღებული დასკვნების განზოგადებაში. მომავალ წელს აუცილებლად განვაგრძობ მუშაობას ამ მიმართულებით, რათა ჩამოვაყალიბო რიტმის განვითარების ხელშეწყობის მწყობრი სისტემა. იმედი მაქვს, რომ კოლეგებიც შემომიერთდებიან და ჩვენი მიგნებები და დასკვნები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

 

 

 

კვლევის ავტორი:             თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო 

                                              სკოლის მუსიკის პედაგოგი  

                                             დალი დოლიძე

 

 

 

 

კვლევა:   „მუსიკალური რიტმის  მნიშვნელობა და მის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოებით“

მკვლევარი - პედაგოგი:         დალი დოლიძე

 

კოლეგების მიერ კვლევის შეფასება

 

------------------------------------------------------------------------   კომენტარი კვლევის შესახებ

                                                              (პედაგოგის სახელი, გვარი)

 

1

 

რამდენად მნიშნელოვანია, თქვენი აზრით,  საკვლევი თემა?

 

 

 

2

 

რომელმა საკითხმა დაგაინტერესათ?

 

 

 

3

 

რა იყო ახალი ?

 

 

 

4

 

რას გამოიყენებთ  საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში?

 

 

 

5

რაში მდგომარეობს კვლევის  აქტუალურობა?

 

 

 

 

 

Комментариев нет: